რატომ “გამოყოფილი სერვერები“
გამოყოფილი სერვერი არის ფიზიკური სერვერი, რომელიც განთავსებულია პროვაიდერის მონაცემთა ცენტრში და შეგიძლიათ მისი დაქირავება სასურველი ვადით. ამ ტიპის ინფრასტრუქტურის არჩევა ნიშნავს, რომ თქვენ პროვაიდერისგან გაქვთ თქვენი „საკუთარი“ ფიზიკური სერვერი ნაცვლად ვირტუალურისა, ანუ ის არ არის გაზიარებული ათობით სხვა მომხმარებელთან და მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი.
გამოყოფილი სერვერების იჯარას რიგ შემთხვევებში აქვს საგრძნობი უპირატესობები, ქლაუდ პროვაიდერისგან ვირტუალური სერვერების იჯარასთან, ანდაც, საკუთრებაში ფიზიკური სერვერების შეძენასთან მიმართებაში.
1. მაღალი წარმადობა
გამოყოფილი სერვერი მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირტუალური სერვერებისგან განსხვავებით, მისი რესურსები არ ზიარდება რამდენიმე მომხმარებელზე და სრულად თქვენს ამოცანებს ხმარდება. შედეგად თქვენს განკარგულებაშია მაქსიმალური წარმადობა, რაც აღნიშნული სერვერის სპეციფიკაციებითაა განსაზღვრული.
2. მეტი უსაფრთხოება
როდესაც ქლაუდ გარემოში ერთ ფიზიკურ სერვერზე ათობით მომხმარებელს აქვს წვდომა, ეს რასაკვირველია ზრდის მონაცემთა გაჟონვისა თუ დაკარგვის რისკებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია პროვაიდერის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები, მისი სპეციალისტების ექსპერტიზის დონე და მონაცემთა უსაფრთხოების მართვის პროცესი თუ პროცედურები.
ზემოთ აღწერილისგან განსხვავებით, გამოყოფილი სერვერების იჯარის შემთხვევაში, მისი რესურსები ფიზიკურად იზოლირებულია სხვა მომხმარებლისგან და განკუთვნილია მხოლოდ თქვენ მიერ გამოყენებისთვის. შესაბამისად, სისტემა მეტად უსაფრთხოა და თქვენი მონაცემებიც უფრო დაცული.
3. ნულოვანი ინვესტიცია
საკუთრებაში IT ინფრასტრუქტურის შეძენა, როგორც წესი, მნიშვნელოვან ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, რაც ზოგიერთი ბიზნესისთვის საკმაოდ “მტკივნეულია.” ასეთი მიდგომისგან განსხვავებით, გამოყოფილი სერვერების იჯარისას, თქვენ თავიდან ირიდებთ ინვესტიციებს IT სისტემებში და იმავდროულად სარგებლობთ სასურველი IT რესურსებით.
ისეთ ბიზნესებს, რომელთა აქტივობა საოპერაციო კაპიტალზე და მის ბრუნვაზეა დიდწილად დამოკიდებული, შეუძლიათ სერვერების საკუთრებაში შეძენის ნაცვლად, ეს თანხა საკუთარ ბიზნესში დააბანდონ და უფრო მეტი შემოსავალიც კი მიიღონ, ვიდრე პროვაიდერს უხდიან იჯარაში.
4. დაბალი თანმდევი ხარჯი
სერვერების შეძენა მთავარი დანახარჯი არაა, ბევრად მეტი მათ ექსპლუატაციაზე იხარჯება. იქნება ეს მის მოვლა-პატრონობაში ინჟინრებზე გადახდილი ანაზღაურება, ელექტროენერგიაზე გაწეული დანახარჯები თუ ისეთი საოპერაციო გარემოს მოწყობა (სასერვერო), რომ სერვერებმა გამართულად იმუშაონ.
არადა “სასერვეროს” სწორად მოწყობას (ელექტრომომარაგება, უწყვეტი კვება, კონდიცირება-გაგრილების სისტემა, ხანძარაღმოჩენა და ავტომატური ქრობა, გარემო პარამეტრების მონიტორინგი და ა.შ.) სათანადო კომპეტენცია სჭირდება და მაღალი კაპიტალური თუ საექსპლუატაციო დანახარჯები ესაჭიროება.
პროვაიდერისგან სერვერების იჯარით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ არ გიწევთ ამ უამრავი “თანმდევი ხარჯის” გაწევა და ეს ყოველივე აკუმულირებულია ყოველთვიურ საიჯარო გადასახადში.
5. სრული კონტროლი
თქვენ შეგიძლიათ მოშორებულად დააკონფიგურიროთ თქვენი გამოყოფილი სერვერი ბოლო დეტალამდე. თქვენ აკონტროლებთ ყველაფერს: შეგიძლიათ დააინსტალიროთ სასურველი პროგრამული უზრუნველყოფა, შეგიძლიათ შექმნათ სასურველი სამომხმარებლო ანგარიშები, დააკონფიგურიროთ სერვისები, პორტები, რესურსები..
ვირტუალური თუ ქლაუდ სერვერებისგან განსხვავებით, აქ შეგიძლიათ აკონტროლოთ ყველაფერი, რაც კი ხდება სერვერზე, როდესაც ის მუშაობს: ქსელის აქტივობა, სერვერის დატვირთვა, პროცესორის, მეხსიერებისა თუ სხვა რესურების გამოყენება და პარამეტრები – ყველაფერი – სრულიად თქვენი კონტროლის ქვეშაა.
6. მრავალმხრივი გამოყენება
გამოყოფილი სერვერების მოქნილი სპეციფიკაციებიდან გამომდინარე, მათი გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა. უმეტეს შემთხვევებში მათ იყენებენ ვებ აპლიკაციებისთვის, ელექტრონული კომერციისთვის, მონაცემთა ბაზების სამართავად, ვირტუალიზაციის პლატფორმად და ა.შ.
ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია გარემო დეველოპმენტისა და ტესტირებისთვის. ამა თუ იმ აპლიკაციების შემუშავებას საკმაო დრო და დატვირთვების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება – რასაც იდეალურად პასუხობს გამოყოფილი სერვერების იჯარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქტიული ექსპლუატაციისთვის სერვერების საკუთრებაში შეძენას გეგმავთ, აზრი აქვს დეველოპმენტის პროცესის გამოყოფილ სერვერებზე წარმართვას, რათა თავიდან აირიდოთ დროისა და თანხის ფუჭი დანახარჯები.
7. ტექნიკური რისკების შემცირება
როდესაც სერვერებს საკუთრებაში ყიდულობთ, თქვენ მათთვის უნდა მოაწყოთ სასერვერო ოთახი და იზრუნოთ არა მარტო მათი, არამედ სასერვეროს მთელი საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოვლასა და გამართულად ფუნქციონირებაზე. ამ საქმეს ტექნიკური კვალიფიკაციის არაერთი ინჟინერი სჭირდება, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, პერიოდულად სხვადასხვა მოწყობილობა მაინც გამოვა მწყობრიდან და იქნება ავარიები.
თუნდაც ყველა მოწყობილობის საგარანტიო სერვისს მუდმივად ყიდულობდეთ, მომსახურების გაწევის პროცესში მაინც მნიშვნელოვანი წყვეტები გექნებათ, რაც შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს (როდესაც სპეციფიკური დეტალებია შესაკვეთი და ჩამოსატანი).
ზემოთ ხსენებულისგან განსხვავებით, გამოყოფილი სერვერების იჯარის შემთხვევაში, პროვაიდერი უზრუნველყოფს მთელი ინფრასტრუქტურის გამართულობას და გემსახურებათ SLA-ის პირობების შესაბამისად. ეს იმის გარანტიაა, რომ თქვენ არ გექნებათ ხანგრძლივი და ხშირი წყვეტები ოპერაციებში და მნიშვნელოვნად შეიმცირებთ ტექნიკური პრობლემებით გამოწვეულ სირთულეებს.
– – –
ეს იყო ის ძირითადი სარგებლები, რასაც გამოყოფილი სერვერების იჯარა აძლევთ როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ზომის ორგანიზაციებს. რასაკვირველია ამათ გარდა არის კიდევ სხვა უპირატესობებიც, ისევე როგორც ნაკლოვანებებიც – და ეს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს წინაშე მდგომ კონკრეტულ ამოცანაზე და გარემო სიტუაციაზე.
თუ დაგაინტერესებთ უშუალოდ თქვენთვის რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს გამოყოფილი სერვერების იჯარას, რა პარამეტრების სისტემები გესაჭიროებათ და რა შეიძლება დაგიჯდეთ – შეგვეხმიანეთ UGT Cloudforce-ში (welcome@cloudforce.ge) და ჩვენ უსასყიდლოდ გაგიწევთ კვალიფიციურ ტექნიკურ კონსულტაციებს.
ესაა ჩვენი დანიშნულება, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს შეიმცირონ კაპიტალური დანახარჯები IT ინფრასტრუქტურაში და მინიმუმამდე დაიყვანონ საოპერაციო რისკები. შედეგად, გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის მომგებიანობა და უფრო სტაბილური და მართვადი გახადონ IT ოპერაციები.