ღრუბლოვანი სერვისები 

ღრუბლოვანი (Cloud) სერვისები თანამედროვე სამყაროს ორგანულ ნაწილად იქცა და მათ გარეშე ადამიანის საქმიანობის უამრავი დარგი უკვე წარმოუდგენელია. ბევრისთვის ეს სერვისები ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. უმეტესობისათვის Cloud არის ადგილი, სადაც ჩვენი მონაცემები უსაფრთხოდ და საიმედოდ ინახება, თუმცა ეს ძალიან გამარტივებული შეხედულებაა.  

IT-ს, ანუ საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საკუთარი IT ინფრასტრუქტურის აგება და შენახვა ძვირი და შრომატევადი გახდა. ღრუბლოვანი სერვისები საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ეს ყველაფერი სერვისის სახით. რაც ათავისუფლებს ორგანიზაციებს კომპლექსური IT კომპონენტების – სერვერები, მონაცემთა სანახები, ქსელი და მისი უსაფრთხოება და ა.შ. მხარდაჭერისაგან და მათ შეუძლიათ უფრო მეტად დაკონცენტრირდნენ პროფილური ბიზნეს ამოცანების გადაწყვეტაზე. 

გვაქვს ღრუბლოვანი სერვისების სამი ძირითადი ტიპი: 

  • ინფრასტრუქტურა როგორც სერვისი – IaaS (Infrastructure as a service) 
  • პლათფორმა როგორ სერვისი – PaaS (Platform as a service) 
  • პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი – SaaS (Software as a service) 

 

სტატიაში მოკლედ მოგითხრობთ IaaS სერვისის შესახებ. ვნახავთ რას წარმოადგენს IaaS, რა უპირატესობები აქვს მას და მოვიყვანთ ამ სერვისის გამოყენების მაგალითებს. შემდგომ სტატიებში განვიხილავთ PaaS და SaaS სერვისებს. 

 IaaS-ის განმარტება 

ოფიციალური განმარტებით IaaS საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ პროცესორი, მეხსიერება, მონაცემთა სანახი და ქსელი ღრუბლოვანი სერვისის სახით და ამით ჩავანაცვლოთ ლოკალური მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინფრასტრუქტურა. 

მარტივად რომ ვთქვათ, IaaS ეს არის ვირტუალური სერვერები და მათი თანმდევი ინფრასტრუქტურა, რომლებსაც მომხმარებელი ქირაობს სხვა კომპანიისაგან – ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერისაგან და რომლებიც განთავსებულია ამ კომპანიის მონაცემთა დამუშავების ცენტრ(ებ)ში. IaaS სერვისის გამოყენება და მისი მართვა ძირითადად ხორციელდება ინტერნეტის საშუალებით. 

დღესდღეობით ღრუბლოვანი სერვისების წამყვანი პროვაიდერები არიან:  

ეს პროვაიდერები მომხმარებელს თავაზობენ ღრუბლოვანი სერვისების ძალიან ფართო სპექტრს მსოფლიოს უამრავ გეოგრაფიულ წერტილში. ამათ გარდა არის მრავალი სხვა მცირე და საშუალო პროვაიდერი. 

 IaaS-ის უპირატესობები 

IaaS სერვისის ერთერთი ძირითადი უპირატესობაა მისი სწრაფი დანერგვისა და მასშტაბირებადობის შესაძლებლობა. თუ ორგანიზაცია სწრაფად იზრდება და არ სურს ან არ არის მზად მოახდინოს კაპიტალური ინვესტირება საკუთარ IT აპარატურასა და ინფრასტრუქტურაში, მას შეუძლია გამოიყენოს IaaS სერვისი. IaaS ასევე ხელსაყრელია მაშინაც, თუ ორგანიზაციას სურს ლოკალური IT ინფრასტრუქტურის მოვლისა და მხარდაჭერის ხარჯის შემცირება. 

IaaS-ის სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობებია: 

  • კაპიტალური დანახარჯების შემცირება 
  • გადახდა მხოლოდ გამოყენებული რესურსის მოცულობის მიხედვით 
  • გამოყენებული რესურსების დინამიური გაზრდა და შემცირება დატვირთვის ცვლილების შესაბამისად
  • გაუმჯობესებული უსაფრთხოება 
  • სერვისების უწყვეტობის მაღალი დონე 
  • ინფრასტრუქტურის გამარტივებული მართვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტით 
  • IT სპეციალისტების მიერ ინფრასტრუქტურის მოვლაში დახარჯული დროის შემცირება 
  • ახალი პროექტების სწრაფი დეველოპმენტის შესაძლებლობა
  • ინოვაციების სწრაფი დანერგვა 

IaaS-ის გამოწვევები 

IaaS სერვისს ბევრ უპირატესობასთან ერთად აქვს გამოწვევებიც. ამ გამოწვევების უმეტესობა შეიძლება დაძლეულ იქნას სწორი დაგეგმვით და მენჯმენტით, მაგრამ ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს რისკს, რომლის შეფასებაც აუცილებელია ორგანიზაციისთვის, ვიდრე დაიწყებს სერვისით სარგებლობას.  

IaaS-ის ძირითადი გამოწვევებია: 

  • გაუთვალისწინებელი ხარჯები – ყოველთვიური ხარჯი პიკური დატვირთვების გამო შეიძლება გაიზარდოს 
  • უსაფრთხოების რისკებიIaaS ინფრასტრუქტურა უსაფრთხოა, მაგრამ მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი აპლიკაციების უსაფრთხოება 
  • მხარდაჭერის პრობლემა შესაძლებელია ვერ იქნას მიღებული მყისიერი მხარდაჭერა ვენდორის მხრიდან 
  • ინტერნეტზე დამოკიდებულება – ინფრასტრუქტურასთან მუშაობისთვის  აუცილებელია კარგი ინტერნეტ კავშირი 
  • ინტეგრაციის პრობლემები – ღრუბლოვანი და ლოკალური სერვისების ინტეგრირებისას შეიძლება წარმოიშვას ტექნიკური სირთულეები
  • ვენდორზე დამოკიდებულება – ერთი ვენდორიდან მეორეზე სერვისების მიგრაციისას შესაძლებელია წარმოიშვას თავსებადობის პრობლემები
  • რეგულაციებთან შესაბამისობა – ზოგიერთი ტიპის ორგანიზაციისთვის მონაცემთა ქვეყნის გარეთ განთავსება შეიძლება იკრძალებოდეს კანონით 

 IaaS-ის გამოყენების მაგალითები 

IaaS სერვისს იყენებს ყველა ზომის ორგანიზაცია გლობალური კორპორაციებიდან მცირე სტარტაპებამდე. ეს გამოწვეულია IaaS სერვისის მოქნილობით, მასშტაბირებადობით და ოპტიმალური ფასით. 

არსებობს IaaS სერვისის გამოყენების უამრავი სფერო და გამოყენებული მოცულობა და მისგან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება.  

ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიყენოს IaaS სერვისი შემდეგი ამოცანებისთვის: 

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და ტესტირება 
  • ვებსაიტების  და ვებ აპლიკაციების ჰოსტინგი 
  • მაღალი წარმადობის გამოთვლები
  • დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიზი 
  • ღრუბლოვანი მონაცემთა სანახები 
  • კატასტროფებისაგან დაცვა და მონაცემთა სარეზერვო კოპირება 

თუმცა გამოყენების სფერო ამ სიით არ იწურება. ქვემოთ მოყვანილია IaaS-ის გამოყენების რამდენიმე მაგალითი. 

მაგალითი 1: საცალო ვაჭრობის სფეროში გარკვეულ პერიოდებში – დღესასწაულები, შობა, საახალწლო უქმეები, ა.შ. ხდება დატვირთვის გაზრდა. ამ დროს მატულობს დატვირთვა IT ინფრასტრუქტურაზეც, რადგან სერვერებს უწევთ ბევრად მეტი ტრანზაქციის დამუშავება. IaaS-ის დინამიური მასშტაბირებადობა საშუალებას აძლევს ბიზნესს გაუმკლავდეს გაზრდილ მოთხოვნებს. ამ დროს შესაძლებელია სერვერების გამოთვლითი რესურსის გაზრდა როგორც ვერტიკალურად (არსებულ ვირტუალურ სერვერებს ემატებათ გამოთვლითი რესურსები), ასევე ჰორიზონტალურად (გამოთვლებში ერთვება დამატებითი სერვერები). როდესაც დატვირთვა იკლებს, IaaS რესურსების გამოყენებაც ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება. 

მაგალითი 2: დიდი ფაილების, მაგალითად უსაფრთხოების კამერების ვიდეო ჩანაწერების შენახვა მოითხოვს დიდ ადგილს და მონაცემთა მოქნილ მენეჯმენტს. ამ შემთხვევაში IaaS სერვისის ღრუბლოვანი სანახი, მისი ფაქტიურად შეუზღუდავი მოცულობის და მარტივი ხელმისაწვდომობის გამო, იდეალური გადაწყვეტაა. ორგანიზაცია იხდის მხოლოდ გამოყენებული დისკური მოცულობის ფასს და მას არ სჭირდება დამატებითი კაპიტალური დანახარჯები ლოკალური მონაცემთა სანახის შესაძენად და მხარდასაჭერად. 

მაგალითი 3: მონაცემთა სარეზერვო კოპირება და მათი საიმედო დაცვა უმეტესი ორგანიზაციებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია სერვისების უწყვეტობის შენარჩუნება ბუნებრივი კატაკლიზმების, ავარიების და სხვა კრიტიკული სიტუაციებისას. თუმცა ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და მოითხოვს დიდ დანახარჯებს, თუ მის გადაწყვეტას საკუთარი ინფრასტრუქტურის აგებით შევეცდებით.  

IaaS სერვისის საშუალებით შესაძლებელია ამ ამოცანის გადაწყვეტა შედარებით მარტივად და მისაღებ ფასად. მაგალითად შესაძლებელია სარეზერვო ასლების ღრუბლოვან საცავზე შენახვა. ასევე შესაძლებელია სარეზერვო მონაცემთა დამუშავების ცენტრის IaaS სერვისის საშუალებით აგება და მისი გამოყენება ძირითადი საიტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. 

___

როგორც ვხედავთ IaaS სერვისს მრავალი უპირატესობა და გამოყენების სფერო აქვს, რაც განაპირობებს ამ სერვისის დიდ პოპულარობას, თუმცა არის უარყოფითი მხარეებიც, რომელიც ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. 

მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერები მუდმივად აფართოებენ მათ მიერ მოწოდებული სერვისების და მათ შორის IaaS-ის შესაძლებლობებს, ორგანიზაციებისათვის აუცილებელია საკუთარი მოთხოვნების შეფასება, ვიდრე გადაწყვეტენ ამა თუ იმ სერვისით სარგებლობას. ამისათვის მათ ესაჭიროებათ პროფესიული IT კონსალტინგი, რათა მოხდეს ბიზნესის ამოცანების ანალიზი და სწორი დიზაინის შემუშავება. 

IaaS უკვე ტრადიციული და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ღრუბლოვანი სერვისია. რამდენიმე წელია ბაზარზე გამოჩნდა მსგავსი ტიპის ახალი სერვისებიც, მაგალითად კონტეინერები და ე.წ. Serverless არქიტექტურა, რომლებიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც IaaS-ის ლოგიკური განვითარება.  

თუმცა ამაზე უკვე სხვა სტატიებში ვისაუბრებთ.