საინფორმაციო ტექნოლოგიამ მოიცვა კაცობრიობის საქმიანობის თითქმის ყველა სფერო. ორგანიზაციები ახდენენ საკუთარი IT ინფრასტრუქტურისა და სერვისების ვირტუალიზირებას და მათ Cloud, ანუ ღრუბლოვან გარემოში მიგრაციას. რაც დრო გადის, ციფრული ტრანსფორმაციის ეს პროცესი უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.  

Cloud გარემოში მიგრაციამდე და შემდეგაც ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს რა ტიპის სერვისები ჭირდება მას წარმატებული საქმიანობისთვის.  

ამ ბლოგში განვიხილავთ Cloud სერვისების ძირითად ტიპებს და მოვიყვანთ მათ მაგალითებს. 

მაშ ასე, გვაქვს ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების სამი ძირითადი ტიპი: 

  • Public Cloud – საჯარო ღრუბელი 
  • Private Cloud – პრივატული ღრუბელი 
  • Hybrid Cloud – ჰიბრიდული ღრუბელი 

განვიხილოთ თითოეული ტიპი ცალ-ცალკე. 

 Public Cloud 

საჯარო ღრუბელი შედგება სერვისებისგან, რომლებსაც იძლევა ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერი. ამ არქიტექტურაში სერვისების პროაიდერი უზრუნველყოფს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას და ახდენს მულტი-ტენანტურ გარემოზე მომხმარებელების დაშვებას. მულტი-ტენანტური გარემო ნიშნავს, რომ მომხმარებლების იყენებენ საზიარო აპარატურულ კომპონენტებს, მაგრამ ამასთან ინდივიდუალურად მათთვის გამოყოფილია მეხსიერების, პროცესორის, მონაცემთა სანახის და სხვა რესურსები. მომხმარებელთა გარემოები, ანუ ტენანტები (Tenant), პროგრამულად იზოლირებულია ერთმანეთისგან. 

საჯარო ღრუბელის უპირატესობაა მისი სერვისების შედარებით დაბალი ფასი და მრავალფეროვნება. ძირითად უარყოფითი მხარე უსაფრთხოების თვალსაზრისით არის საზიარო აპარატურული კომპონენტები, რომელთა გაუმართაობამ შეიძლება ერთდროულად იმოქმედოს რამდენიმე ორგანიზაციაზე. 

საჯარო ღრუბელი პოპულარულია ორგანიზაციებში, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ან/და არ სურთ საკუთარი ფიზიკური IT ინფრასტრუქტურის აგება და მართვა. 

საჯარო ღრუბლის მაგალითებია: 

 Private Cloud 

პრივატული ღრუბელი არის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც განთავსებულია კომპანიის მონაცემთა დამუშავების ცენტრში და უზრუნველყოფს ღრუბლოვანი სერვისებით ორგანიზაციის გეოგრაფიულად დაშორებულ ოფისებს და ლოკაციებს.  

პრივატული ღრუბელის უპირატესობაა ის, რომ იგი არის ორგანიზაციის კუთვნილებაში მყოფი ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება ორგანიზაციის შიდა IT სამსახურის მიერ და მისი სერვისების გამოყენება ორგანიზაციის თანამშრომლებს და პარტნიორებს დისტანციურად შეუძლიათ.  

პრივატული ღრუბლის უარყოფითი მხარეებია ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად საჭირო დიდი კაპიტალური დანახარჯი და მართვისა და მხარდაჭერისათვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსი. 

პრივატული ღრუბელი ხელსაყრელია საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ გარკვეული რეგულაციების ქვეშ, მაგალითად ფინანსური და ჯანდაცვის სექტორისათვის. 

 Hybrid Cloud 

ჰიბრიდული ღრუბელი წარმოადგენს საჯარო და პრივატული ღრუბლების სერვისების გაერთიანებას. ამ დროს ორგანიზაცია იყენებს საჯარო ღრუბლის რესურსებს დანახარჯების ოპტიმიზაციისა და უფრო მაღალი უწყვეტობის დონის მისაღწევად და ასევე გარკვეული რესურსები, რომელთა გატანა გარეთ, იურიდიული ან ტექნიკური შეზღურდვების გამო, არ არის მიზანშეწონილი, განთავსებული აქვს ლოკალურად, პრივატულ ღრუბელში. 

ჰიბრიდული ღრუბელის გამოყენებით ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს მიმზიდველი ფასის მქონე საჯარო ღრუბლოვანი სერვისებით და ასევე შეინახოს სენსიტიური და რეგულაციების ქვეშ მოქცეული მონაცემები ლოკალურ გარემოში უფრო უსაფრთხოდ, კონკრეტულად ამ მონაცემებისათვის გამოყოფილ ფიზიკურ მოწყობილობებზე. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჰიბრიდული ღრუბლოვანი სერვისების გამოყენება ორგანიზაციების უმეტესობისათვის ძალიან მოხერხებულია. 

 როგორ შევარჩიოთ საჭირო ტიპის ღრუბლოვანი არქიტექტურა 

ღრუბლოვან გარემოში მიგრაციამდე საჭიროა წარმოდგენა გვქონდეს სხვადასხვა ტიპის ღრუბლოვან არქიტექტურაზე და რა გავლენას ახდენენ ისინი ორგანიზაციის საქმიანობაზე.  

განვიხილოთ ღრუბლოვანი გარემოს რამდენიმე შესაძლო დიზაინი:  

  • ერთ სერვერიანი ღრუბლოვანი არქიტექტურა: ეს მოდელი ხელსაყრელია მცირე ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ერთ სერვერზე განათავსონ მონაცემებიც და აპლიკაციებიც. ამ შემთხვევაში ხდება ინფრასტრუქტურის მოვლისათვის საჭირო ადამიანური რესურსის მინიმიზაცია და მცირდება ღრუბლოვან სერვისებთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯები. 
  • ერთი ღრუბლის არქიტექტურა: ორგანიზაციის სერვისები განთავსებულია ერთი პროვაიდერის ღრუბელში. ამ მიდგომის უპირატესობაა ინფრასტრუქტურის გამარტივებული მართვის შესაძლებლობა, რადგან მომხმარებელს არ უწევს სხვადასხვა ვენდორის მიერ შექმნილი მართვის ხელსაწყოების შესწავლა. ასევე მარტივდება ახალი სერვისების ინტეგრაციაც. თუმცა ამ მიდგომას უარყოფითი მხარეც აქვს, რაც გამოიხატება ვენდორზე დამოკიდებულებაში. სხვა ვენდორის ღრუბელში მიგრაცია შეიძლება რთული განსახორციელებელი იყოს არსებულ ვენდორთან სერვისების სპეციფიკური ინტეგრაციის გამო. ასევე თუ ვენდორის მიერ მოხდება რაიმე სერვისის შეჩერება ან გაუქმება, რომელიც საჭიროა კომპანიისათვის, რთული იქნება მისი სხვა სერვისით ჩანაცვლება და შეიძლება ორგანიზაციას მოუწიოს სხვა ვენდორის მოძებნა. 
  •  მულტი-ღრუბლოვანი არქიტექტურა: ორგანიზაციის სერვისები განთავსებულია რამდენიმე პროვაიდერის ღრუბელში. ამის გამო ორგანიზაციას შეუძლია უფრო მოქნილად შეარჩიოს საჭირო სერვისი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ვენდორზე, თუმცა რამდენიმე ღრუბლოვანი გარემოს მართვა უფრო რთულია და ასევე შეიძლება საჭირო გახდეს სხვადასხვა ღრუბელში განთავსებული სერვისების დამატებითი კონფიგურაცია, მათ ერთმანეთთან დასაკავშირებლად, რაც დამატებით ტექნიკურ ექსპერტიზას და ძალისხმევას მოითხოვს. 

როგორც ვხედავთ ღრუბლოვან გარემოში ორგანიზაციის IT სერვისების მიგრაციამდე საჭიროა კარგად გაანალიზდეს ბიზნესის სპეფიციკა და მოთხოვნები, რათა შეფასდეს გავლენა, რომელსაც მოახდენს ღრუბელში მიგრაცია ბიზნეს პროცესებზე. პროფესიული IT კონსალტინგი დაეხმარება ორგანიზაციას ღრუბლოვანი არქიტექტურის და სერვისების სწორად შერჩევაში და მიგრაციის დაგეგმვაში.