ეს კითხვა ხშირად ისმის თანამედროვე ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ, რამეთუ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა ქლაუდ სერვისების მრავალფეროვნობა და ხელმისაწვდომობა. რასაკვირველია უნივერსალური პასუხი არ არსებობს და უმეტეს შემთხვევაში გააჩნია სიტუაციას და ვითარებას. ამ სტატიაში გადავწყვიტეთ გაგვემახვილებინა ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შედარებისას, რათა გაგიადვილდეთ თქვენი ამოცანებისა და სიტუაციისთვის შესაფერისი გადაწყვეტილების მიღება.
რას წარმოადგენს IaaS ქლაუდ სერვისი
ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი (IaaS), წარმოადგენს ქლაუდ სერვისების ერთ-ერთ კატეგორიას და გულისხმობს ინტერნეტის მეშვეობით წვდომას პროვაიდერის IT ინფრასტრუქტურაზე და მისი გამოყენების შესაბამისად გადახდას. საკუთარი ინფრასტრუქტურისგან განსხვავებით ასეთი მოწყობა შესაძლებლობას იძლევა გადაიხადო IT რესურსებში (Compute, Storage, Network) იმდენი, რა რაოდენობითაც გამოიყენებ, გაზარდო მოცულობა როცა დაგჭირდება, შეამცირო გადახდა თუ ნაკლებს იყენებ ან სულაც შეაჩერო – როცა აღარ დაგჭირდება.
მარტივი შედარება
როდესაც ორგანიზაცია გეგმავს ახალი IT ინფრასტრუქტურის შეძენას ან არსებულის გადახალისება-განახლებას, ბუნებრივად უჩნდება კითხვა: უნდა გააკეთოს ერთჯერადი მსხვილი კაპიტალდაბანდება, თუ ურჩევნია IT ინფრასტრუქტურა მიიღოს სერვისის სახით და ყოველთვიურად გადაიხადოს იმდენი, რამდენსაც გამოიყენებს?
საკუთარი IT ინფრასტრუქტურა უფრო „შენს გემოზე“ მართვადია, სრულად საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, შენ წყვეტ თუ რომელი ვენდორის და რა სისტემები გამოიყენო, დაცვის და უსაფრთხოების რა დონის უზრუნველყოფა გქონდეს და როგორ მოაწყო – ამ ყველაფერს თავად წყვეტ და თავადვე ხარ პასუხისმგებელი. დამატებით, ქლაუდ სერვისისგან განსხვავებით, ოფლაინ რეჟიმშიც შეგიძლია მუშაობა, თუკი ინტერნეტი გაგეთიშა და გარესამყაროს მოწყდი, წვდომა მაინც გექნება შენს მონაცემებთან, თუ სასერვერომდე ქსელური კავშირი გაქვს.
ამას გარდა, როდესაც პირდაპირ ვადარებთ თანხებს, უმეტეს შემთხვევაში გამოდის, რომ საკუთრებაში შეძენა უფრო მომგებიანია, ვინაიდან ყოველთვიური გადახდები 2-3 წელიწადში უთანაბრდება შეძენის ღირებულებას, ხოლო სისტემის ექსპლუატაცია კი 4-5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. თითქოს ცხადია, რომ საკუთარი IT ინფრასტრუქტურა უფრო იაფი ჯდება და ამიტომაც მისი შეძენა ჯობია, მაგრამ ამ ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში IaaS სერვისების ზრდის ტემპი 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საკუთრებაში შეძენის და მომავლის პროგნოზებიც მსგავსია: ქლაუდ სერვისების გამოყენება კვლავაც მაღალი ტემპით გაიზრდება.
მაშინ რა იწვევს ქლაუდ სერვისებზე ასეთ მაღალ მოთხოვნას, თუკი ფასის თვალსაზრისით საკუთარი ინფრასტრუქტურა უფრო მომგებიანად გამოიყურება? საქმე იმაშია, რომ უფრო კორექტული საფასო შედარებისთვის გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორები და მათზე გასაწევი დანახარჯებიც, რისი დათვლაც ხშირ შემთხვევაში კარდინალურად ცვლის სურათს. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლებიც სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა რომ გავითვალისწინოთ.
ზრდის მარაგი – ჭარბი რესურსები
როდესაც სერვერების და მონაცემთა სანახი სისტემების შეძენა ხდება, სიმძლავრეებისა და ტევადობის მარაგი უმეტესწილად 2-3 წლის ზრდაზე ითვლება ხოლმე, ეს იმიტომ რომ სამომავლო დატვირთვებისთვის მზაობა იყოს და თანაც, ერთიანად შეძენისას ფასი უკეთესია, ვიდრე შემდეგ მცირე კომპონენტების დამატებები. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს – ხან ისეა, რომ ამ მარაგების გამოყენება არასდროს ხდება; ხან კი ისე, რომ – ზრდა ბევრად მაღალია, მარაგი ვერ ყოფნის და ორგანიზაცია ახალი, უფრო მძლავრი სისტემების ყიდვის აუცილებლობის წინაშე დგება.
ასე რომ რესურსის მარაგით ყიდვა ერთი მხრივ ათობით, ასობით ათასის ზედმეტად ინვესტიციას საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ – ბოლომდე მაინც ვერ გვიცავს. ამისგან განსხვავებით, IaaS სერვისის შეძენისას თქვენ ირიდებთ თავიდან მსგავს ინვესტიციებს, ვინაიდან ყიდულობთ მხოლოდ იმ სიმძლავრეებს, რაც დღეს გჭირდებათ, ხოლო მომავალში ზრდის შემთხვევაში იმატებთ დამატებით სიმძლავრეებს. უფრო მეტიც, თუ კრიზისი დადგა და ამდენი რესურსი აღარ დაგჭირდათ, შეამცირებთ და ნაკლებს გადაიხდით – ასეთი რამის გაკეთება კი შეუძლებელია სისტემების საკუთრებაში ყიდვისას – ნაყიდს უკან ვეღარ დააბრუნებთ.
მაღალმდგრადობა – დუბლირებული სისტემები
როდესაც IT სისტემების უწყვეტად ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასეთ დროს IT ინფრასტრუქტურის კომპონენტების დუბლირება ხდება, რათა რაიმეს მწყობრიდან გამოსვლამ საოპერაციო წყვეტა არ გამოიწვიოს. ხშირ შემთხვევაში ეს საკმარისი არაა და მეორე სასერვეროს ვაწყობთ მოშორებით და იქაც იგივე სისტემებს ვაყენებთ, რომ ამ სარეზერვო სისტემებმა აიღონ თავის თავზე ოპერაციები, თუ ძირითადს არასასურველი რამ დაემართა.
ეს ყველაფერი არათუ აორმაგებს, არამედ ასამმაგებს და ხშირად კიდევ მეტადაც ზრდის საჭირო რესურსებზე საინვესტიციო დანახარჯებს. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სისტემების შეძენა მომავლის ზრდაზე გათვლილი ჭარბი რესურსებით ხდება, ადვილი დასანახია, რომ საკუთარ IT ინფრასტრუქტურაში გაკეთებული ინვესტიციების მაქსიმუმ 20%-30% ხმარდება რეალურ საჭიროებას, დანარჩენი კი ავარიების შემთხვევაში აღდგენას და სამომავლო ზრდის შესაძლებლობას აფინანსებს – რაც შეიძლება არც არასოდეს მოხდეს.
განსხვავებით, IaaS სერვისის შეძენისას ქლაუდ პროვაიდერის ინფრასტრუქტურა უკვე მაღალმდგრადი აგებულებისაა და მზადაა სამომავლო გაფართოებებისადმი. შესაბამისად თქვენთვის მინიმიზირებულია სიჭარბეზე გათვლილი დანახარჯები. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა საშუალო ზომის ორგანიზაციებისთვის, რომელთაც მაღალდგრადი IT ინფრასტრუქტურა ესაჭიროებათ.
საინჟინრო ინფრასტრუქტურა – სასერვერო ოთახი
სერვერებისა და მონაცემთა შენახვის სისტემების გამართულ ოპერირებას სათანადო გარემო პირობების შექმნა სჭირდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია სერვერების განთავსების ოთახში (მონაცემთა ცენტრში) საინჟინრო და მონიტორინგის სისტემების მაღალმდგრადად მოწყობა. ასე მაგალითად ელექტრომომარაგების უწყვეტობისთვის სასურველია დუბლირებული იყოს – შემომავალი მაღალი ძაბვის ხაზი, ტრანსფორმატორები, გენერატორები, სტაბილიზატორები, UPS-ები და რეკებში კვების განაწილების სისტემა, რათა რომელიმე კომპონენტის გათიშვა არ იწვევდეს სერვერების მუშაობის შეფერხებას. ასევე მაღალმდგრად და სპეციფიურ მოწყობას საჭიროებენ სხვა სისტემებიც, როგორებიცაა: ჰაერის ვენტილაცია და გაგრილება, ხანძრის აღმოჩენა და ქრობა, ვიდეო თვალთვალი და გარემო პარამეტრების მონიტორინგი.
როდესაც საკუთარ IT ინფრასტრუქტურას ყიდულობ, აუცილებელია სასერვერო ოთახის ადეკვატური ხარისხით მოწყობა, რაც ჩვენი გამოცდილებით 30,000 – 40,000 ლარის ფარგლებში ჯდება 1 კვადრატულ მეტრზე. მეტი დაცულობისთვის რეკომენდირებულია 1 კი არა, 2 სასერვერო ოთახის მოწყობა სხვადასხვა ლოკაციაზე და მათ შორის ოპტიკური საქსელო კავშირის აგება, რაც დანახარჯებს 2.5 – 3-ჯერ ზრდის ხოლმე. საკუთარი ინფრასტრუქტურის ყიდვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ზემოთმოყვანილი დანახარჯები (პლიუს ამ საინჟინრო სისტემების მოვლისა და ტექნიკური მხარდაჭერის ხარჯები).
როდესაც ინფრასტრუქტურას ქლაუდ სერვისის სახით ვიღებთ (IaaS), ასეთ შემთხვევაში ამ დანახარჯების გაწევა თქვენ აღარ გვიწევთ, ვინაიდან ის სერვის პროვაიდერის მიერ ხორციელდება და მყიდველისთვის მხოლოდ მოხმარების პროპორციული წილის სახით პოულობს ასახვას სერვისის ღირებულებაში.
კაპიტალური ინვესტიცია – ფულის ფასი
საკუთარი ინფრასტრუქტურის შეძენა მსხვილ კაპიტალურ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, რომლის დროში ღირებულებაც სისტემების სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ფაქტიურად ორმაგდება. უფრო მეტიც, ისეთ ბიზნესებს რომელთა აქტივობა საოპერაციო კაპიტალზე და მის ბრუნვაზეა დამოკიდებული, ხშირად შეუძლიათ ინფრასტრუქტურის შეძენაში არ დახარჯული თანხის ამობრუნებით მიღებული მოგებით სრულად დაფარონ ქლაუდ პროვაიდერის ყოველთვიური სერვისის თანხები და შედეგად მეტი შემოსავალი და მოგებაც მიიღონ.
სხვა ფარული დანახარჯები
როდესაც საკუთარი IT ინფრასტრუქტურის შეძენის ღირებულებას ადარებენ ქლაუდ სერვისების ფასს, უმეტეს შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება ბევრი ისეთი დანახარჯი, რაც მნიშვნელოვნად ცვლის სურათს. მაგალითად ისეთები როგორებიცაა:
- ელექტროენერგიის ხარჯი – რაც ავტომატურად შედის სერვისის ღირებულებაში, ხოლო საკუთარი სერვერების მოხმარებაზე და სასერვეროს გაგრილება კონდიცირებაზე გასაწევი ელექტროენერგიის ფასი ექსპლუატაციის სრულ პერიოდზე (5-7 წელი) ხშირად ასობით ათას დამატებით დანახარჯში აისახება.
- ლიცენზიების ღირებულება – აპარატურული კომპონენტების ფასი მხოლოდ ნაწილია საკუთარ IT ინფრასტრუქტურაში განსახორციელებელი ინვესტიციების, და იმ ორგანიზაციებს, ვინც არ არღვევენ კანონს და არ იპარავენ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, საკმაოდ მოზრდილი თანხების გადახდა უწევთ პროგრამულ პლატფორმებსა და ვირტუალიზაციის ტექნოლოგიებში. ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია ფასების შედარებისას, ვინაიდან IaaS სერვისები უკვე ლიცენზირებულ პროგრამულ სისტემებზეა დაფუძნებული, რაც დამატებით გადახდას აღარ საჭიროებს.
- ტექნიკური მომსახურება და მხარდაჭერა – საკმაოდ დანახარჯიანი შეიძლება იყოს, იქნება ეს საკუთარი IT პერსონალი, ვინც სისტემებს უვლის, საგარანტიო რემონტები, სისტემების განახლებები თუ აპარატურული ვენდორების ყოველწლიური მხარდაჭერის გადასახადები. ეს ხარჯი მთლიანად შეიძლება დაიზოგოს, როდესაც ქლაუდ პროვაიდერის სერვისს ვიყენებთ, ვინაიდან აღნიშნული მომსახურებები შედის პროვაიდერის SLA შეთანხმების ფარგლებში.
– – –
შევიძინოთ საკუთარი IT ინფრასტრუქტურა, თუ ვისარგებლოთ ქლაუდ პროვაიდერის სერვისებით, კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს და უმეტეს შემთხვევაში გააჩნია სიტუაციას და ვითარებას. აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად უამრავი ფაქტორის გათვალისწინება და გათვლაა საჭირო, რაშიც UGT ქლაუფდფორსს დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ უშუალოდ თქვენი ორგანიზაციის კონკრეტული პროექტის ფარგლებში შევაფასოთ და დაგანახოთ სრული სურათი, რათა შეძლოთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება – ის, რაც თქვენი არსებული სიტუაციიდან და სამომავლო ხედვებიდან გამომდინარეობს.